"ექიმებმა „ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან“ გადამაქციეს ისეთად, რომელსაც ყველა შანსი აქვს, კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა - ადამიანი"
19/09/2020 10:39:39 საზოგადოება
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი Instagram-ზე მოწამვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა - არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წყლის დალევაც მთელი ატრაქციონია - ეს ნამდვილი უაზრობაა.
აგიხსნით. ცოტა ხნის წინ, მე ვერ ვცნობდი ხალხს და არ მესმოდა, როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილას ექიმი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა: ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდი, მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ მასზე. ამან სასოწარკვეთისკენ მიბიძგა, რადგან მართალია, უკვე მესმოდა, რა უნდოდა ექიმს, მაგრამ არ მესმოდა, სად მეპოვა სიტყვები. თავის რა ნაწილში ჩნდებიან ისინი? სად უნდა მომეძებნა სიტყვა და როგორ უნდა გამეკეთებინა ისე, რომ მას რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა? ეს ყველაფერი გაუგებარი იყო, თუმცა, ასევე არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა სასოწარკვეთა და ამიტომ, უბრალოდ ჩუმად ვიყავი. ასევე, აღვწერ შემდგომ ეტაპს, რაც მახსოვს.
ახლა მე ვარ ბიჭი, რომლესაც ფეხები უკანკალებს, როდესაც კიბეზე მიდის, თუმცა ფიქრობს: „ოჰ, ეს კიბეა! მასზე ადიან. ალბათ, ლიფტი უნდა მოვძებნო“. იქამდე კი, უბრალოდ ვიდექი იქ უაზროდ და ვუყურებდი.
მოკლედ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ბერლინის კლინიკის, Charite-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საოცარმა ექიმებმა მთავარი პრობლემა გადაჭრეს. მათ „ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან“ გადამაქციეს ისეთად, რომელსაც ყველა შანსი აქვს კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა - ადამიანი, რომელსაც შეუძლია Instagram-ის სწრაფად დათვალიერება და უყოყმანოდ ესმის, თუ როგორ დატოვოს „მოწონებები“ - წერს ის.
ექიმებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომიდან რამდენიმე დღის წინ გამოიყვანეს. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.
რუსი ოპოზიციონერი ქალაქ ტომსკში 20 აგვისტოს ნევრულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს.
ის ამ დრომდე ბერლინში Charite-სკლინიკაში იმყოფება. ბოლო დღეებში ნავალნის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და საწოლიდან წამოდგომა შეუძლია.


