Accentnews.ge
ბაიდენი რუსეთს "მოწინააღმდეგედ" მიიჩნევს, ჩინეთს – "სერიოზულ კონკურენტად"

ბაიდენი რუსეთს "მოწინააღმდეგედ" მიიჩნევს, ჩინეთს – "სერიოზულ კონკურენტად"

18/09/2020 13:18:07 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი რუსეთს აშშ-ის “მოწინააღმდეგედ” თვლის, ხოლო ჩინეთს – “სერიოზულ კონკურენტად”. ამის შესახებ მან ამომრჩევლებთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა.

ბაიდენის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მთავარ მიზანს ნატო-ს დაშლა წარმოადგენს, რათა ამით ევროპაში ვითარება შეცვალოს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ შეკავება გაანადგუროს.

ჩინეთის დახასიათების თხოვნის საპასუხოდ ბაიდენმა სხვა სიტყვათა შეთანხმება გამოიყენა, კერძოდ – "აშშ-ის სერიოზული კონკურენტი” და აზიაში ვაშინგტონის მოკავშირეებთან კავშირების განმტკიცების აუცილებლობაზე მიანიშნა.

რესპუბლიკელები და პირადად ბაიდენის კონკურენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ გამოსულან მისი კრიტიკით “ჩინეთის მიმართ მეტისმეტი სირბილის” გამო. თავის მხრივ, დემოკრატები ტრამპს ანალოგიურ ბრალდებას რუსეთთან და პირადად პრეზიდენტ პუტინთან მიმართებით უყენებენ.

ადრე, საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბაიდენმა არაერთგზის განაცხადა, რომ უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს რუსეთის მიმართ, უფრო ენერგიულად დაიცავს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს და ეცდება, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთობლივი პოლიტიკა გამოიმუშავოს მოსკოვის შესაკავებლად. იგი რუსეთს ახალი სანქციებითაც დაემუქრა ამ უკანასკნელის მხრიდან ამერიკულ არჩევნებში სავარაუდო ჩარევის შემთხვევაში.

მანამდე ფედერალური საგამოძიებო ბიურის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ რუსეთი ძალისხმევას აძლიერებს წინასაარჩევნოდ ბაიდენის კანდიდატურის “გასაშავებლად”.

კიდევ უფრო ადრე ანალოგიური ბრალდებებით გამოვიდნენ აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობის წარმომადგენლები. ამასთან, მათი ინფორმაციით, 2016 წლისგან განსხვავებით, მოსკოვის მხრიდან საარჩევნო სტრუქტურებზე ჰაკერული თავდასხმები ჯერ არ ყოფილა.

თავის მხრივ, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეციალისტების მოსაზრებებს არ დაეთანხმა და მოუწოდა მათ, “რუსეთის ნაცვლად, ყურადღება ჩინეთზე გაამახვილონ”.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბრისთვისაა დანიშნული. სოციოლოგიური გამოკითხვების უმრავლესობის შედეგების თანახმად, ამ დროისთვის საკვანძო შტატებში ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტ ტრამპს უგებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S