ინფექციონისტი:"აჭარაში ჰოსპიტლები გადაჭედილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე"
18/09/2020 08:49:14 საზოგადოება
როგორც ვიცი, აჭარაში გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე,-ამის შესახებ ინფექციონისტმა და კლინიკა „ნეოლაბის“ ექიმმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი სტაციონარში განთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
ინფექციონისტის თქმით, მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში.
„საბედნიეროდ, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა, ან მსუბუქი. დღეს სტაციონარში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში, როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, როგორც არის ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. ამის პროტოკოლი არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მთავარია, დროულად შევიდეს ძალაში. ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამის საჭიროებაც არ არის.
სხვა რესპირაციული დაავადებების დროსაც შეიძლება ბინაზე დარჩეს პაციენტი, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება იზოლირებული იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა მივატოვოთ ბინაზე, იმიტომ რომ კორონავირუსის თავისებურება არის ის, რომ თავიდან ,შესაძლოა, მსუბუქად ან უსიმპტომოდ იწყებოდეს, შემდეგ კი უცებ გართულდეს. ამის რისკი არსებობს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად დისტანციურად შეაფასონ მდგომარეობა, ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა. ამ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად.
მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთების პროცენტული წილი 20%-ს არ აღემატება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


