ხიზანიშვილი:"კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა"
18/09/2020 08:01:49 საზოგადოება
კახეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხში არსებული კლასტერის კონტაქტიდან, რომელიც ასევე უკავშირდება აჭარაში მოგზაურობის ისტორიას და ასევე, ერთი შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში არსებულ კლასტერის კონტაქტებს უკავშირდება.
ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კახეთში სამი ცხელების ცენტრი ფუნქციონირებს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის მატების მიუხედავად, რომელიმე კლინიკის კოვიდკილინიკად გადაკეთება არ იგეგმება. მისი თქმით, ამ ეტაპზე, თვითიზოლაციაში 131 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში დღეს კორონავირუსი კიდევ 182 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


