გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სამ არასრულწლოვანს დაუდასტურდა
18/09/2020 07:08:48 საზოგადოება
დღეს დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან სამი გორის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების ხელმღვანელის, ეკატერინე ქორჩაშვილის ინფორმაციით, სამივე მათგანი არასრულწლოვანია.
კოვიდინფიცირებული პაციენტები 6, 11 და 14 წლის მოზარდები არიან.
ქორჩაშვილის განცხადებით, დღეს დილით დადასტურებული სამივე შემთხვევა კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტებია. 11 და 14 წლის ბავშვები ინფიცირებული ქალის შვილები არიან, ექვსი წლის მოზარდი კი მათი ოჯახის ახლობელია.
ქორჩაშვილის განცხადებით, არასრულწლოვნები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ეპიდემიოლოგები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ტირძნისსა და ქიწნისში ეპიდემიოლოგიურ კვლევასა და კონტაქტების მოძიებას განაგრძობენ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


