იმერეთში COVID -19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
18/09/2020 06:56:51 საზოგადოება
იმერეთში COVID -19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლაბორატორიაში გუშინ 1 132 ნიმუში აიღეს.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.
ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, შესწავლილია ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი, რომლებიც თვითიზოლაციში არიან გადაყვანილები. მოზარდს არ ჰქონდა კონტაქტი სკოლასთან, რადგან სკოლაში არ დადიოდა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 182 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


