ბელარუსი უკრაინასთან საზღვარს აძლიერებს, ხოლო ლიეტუვასა და პოლონეთთან კეტავს
17/09/2020 17:25:14 მსოფლიო
ბელარუსი უკრაინასთან საზღვარს აძლიერებს, ხოლო ლიეტუვასა და პოლონეთთან კეტავს. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.
“იძულებულები ვართ, გავიყვანოთ სამხედროები ქუჩებიდან და ჩავკეტოთ საზღვრები დასავლეთით, პირველ რიგში, ლიეტუვასთან და პოლონეთთან. სამწუხაროდ, ასევე იძულებულნი ვართ, გავაძლიეროთ სახელმწიფო საზღვარი მოძმე უკრაინასთან”,– განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ მოუწოდა ლიეტუველ, პოლონელ და უკრაინელ ხალხებს, "შეაჩერონ თავისი შეშლილი პოლიტიკოსები და არ მისცენ მათ ცივი ომის გაჩაღების საშუალება".
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა, ხოლო ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10%. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.
ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ლიეტუვას შეაფარა თავი. 10 აგვისტოს ლიეტუვამ ტიხანოვსკაია ბელარუსის ლიდერად აღიარა.


