FBI-ს დირექტორი: "რუსეთი არ წყვეტს მცდელობებს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის საარჩევნო პროცესზე"
17/09/2020 17:14:40 მსოფლიო
"რუსეთი კვლავ აქტიურად ცდილობს, გავლენა მოახდინოს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მთავარი სამიზნე დემიკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია", – ამის შესახებ FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
"რუსეთი ბაიდენს მოსკოვის ინტერესებისადმი მტრულად განწყობილი ისტებლიშმენტის ნაწილად მიიჩნევს", – განაცხადა რეიმ.
FBI-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2016 წლისგან განსხვავებით, როცა რუსეთმა "დემოკრატიული პარტიის" სერვერებზე ჰაკერულ თავდასხმებს მიმართა, წელს ის ჯერ–ჯერობით დეზინფორმაციის კამპანიებით შემოიფარგლება.
"საამისოდ რუსები იყენებენ სოცქსელებს, სახელმწიფო მედიას და სხვა სახის პროპაგანდას. FBI-მ ახლახან გააფრთხილა "ფეისბუკი" და "ტვიტერი" რუსეთთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშების შესახებ",– განაცხადა რეიმ.
რეიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახლახან FBI-მ და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ გამოავლინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მავნე კომპიუტერული პროგრამა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება.


