Accentnews.ge
"ფეისბუქი" საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს

"ფეისბუქი" საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს

17/09/2020 12:11:57 საზოგადოება

Facebook დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Fact Check Georgia-სა და "მითების დეტექტორთან" პარტნიორობით საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას აამოქმედებს.

აღნიშნული პროგრამის გაშვების შედეგად, ინფორმაციას, რომელსაც ფაქტების გადამოწმების პლატფორმა სიყალბედ შეაფასებს, Facebook საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს. ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომლებსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს. გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები. დამატებით, ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook-ი თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

„გვიხარია, რომ FactCheck Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", - აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

"დაარსების დღიდან, 2013 წლიდან, FactCheck Georgia ცდილობს, გაზარდოს ანგარიშვალდებულება, გამოააშკარავოს დეზინფორმაცია, ხელი შეუწყოს საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებასა და საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რაც ჩვენს მუშაობას ბევრად უფრო ეფექტურს გახდის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, მივწვდეთ საქართველოში Facebook-ის ათასობით მომხმარებელს, რომლებიც, შესაძლოა, დეზინფორმაციის სამიზნე იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება უფრო ეფექტურად შევამციროთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებიც უკეთ დავიცვათ", - აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი FactCheck Georgia-ს დამფუძნებელი.

„მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა „მითების დეტექტორი“ 2014 წელს, სიმართლის და ფარული დღის წესრიგის გამოსავლენად, ასევე დეზინფორმაციის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირების მიზნით შექმნა. როდესაც ხდება პლურალისტური პლატფორმების და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტის, როგორიც მედიაა, ბოროტად გამოიყენება, ჩვენი, როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შევატყობინოთ და ამავდროულად სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ გვჭირდება დეზინფორმაცია სიმართლისგან განვასხვაოთ, რათა საბოლოოდ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შევძლოთ. საპარლამენტო არჩევნების წინ Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის საქართველოში ამოქმედება ამ მიზნის მისაღწევად და საარჩევნო პროცესის საინფორმაციო დაბინძურებისგან დასაცავად, უაღრესად მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

სადღეისოდ Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომლებიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობენ. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook მსოფლიოს მასშტაბით ფაქტების გადამოწმების არაერთ პლატფორმასთან ეს ორგანიზაციები კონტენტის სიზუსტეს განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან. "მითების დეტექტორი", ისევე, როგორც FactCheck Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S