პოლონეთი სამი სმოლენსკელი ავიადისპეტჩერის დაპატიმრებას გეგმავს
17/09/2020 11:52:08 მსოფლიო
პოლონეთის გენერალურმა პროკურატურამ ვარშავის საოლქო სასამართლოს იმ სამი რუსი ავიადისპეტჩერის დაკავების შუამდგომლობით მიმართა, რომლებიც 2010 წლის აპრილში, ქვეყნის პრეზიდენტის თვითმფრინავის – Ту-154М-ის ვარდნის დროს სმოლენსკი-სევერნის აეროპორტში მორიგეობდნენ. მათ ბრალი ედებათ “გამიზნულ მიყვანაში ავიაკატასტროფამდე”, რომლის შედეგადაც 96 ადამიანი, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, თითქმის მთელი სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე ცნობილი საზოგადოებრივი, რელიგიური და პოლიტიკური მოღვაწეები დაიღუპნენ.
როგორც პროკურატურის პრეს-მდივანმა ევა ბიალიკმა განაცხადა, თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რუს დისპეტჩერებს საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებენ.
ავიაკატასტროფის მიზეზების დამდგენმა პირველმა პოლონურმა კომისიამ მიზეზად პილოტის შეცდომა დაასახელა, კერძოდ, მისი მცდელობა, ლაინერი ძალზე ცუდი ხილვადობის პირობებში დაესვა. პოლონელმა გამომძიებლებმა ასევე დაადგინეს, რომ კატასტროფის დღეს სმოლენსკის აეროპორტში არ მუშაობდა დაშვების რადიოსალოკაციო სისტემა, რის გამოც რუსი დისპეტჩერები ვერ ხედავდნენ, სად იმყოფებოდა ლაინერი და პილოტებს დაშვებისთვის ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ.
რუსეთმა ეს ბრალდებებს უარყო, ისევე, როგორც სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტმა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ავიაკატასტროფების მიზეზების კვლევითაა დაკავებული.
2016 წელს პოლონეთმა გამოძიება განაახლა. მაშინვე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაცერევიჩმა განაცხადა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ტერაქტი გახდარიყო.
2020 წლის ივლისში კი განმეორებითი გამოძიების პოლონურმა კომისიამ გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ტრაგედიის მიზეზად “გამიზნული ქმედებები იქცა”. მისივე ცნობით, ბორტზე მოხდა ორი აფეთქება. ამასთან, კომისიის მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ლაინერის ბორტზე მისი რუსეთში რემონტის დროს მოათავსეს, რაც როგორც პოლონურ, ისე ბრიტანულ ლაბორატორიებში დადასტურდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ეს ვერსიაც “დაუსაბუთებლად” გამოაცხადა.


