COVID-19 დაუდასტურდა მოსწავლეს, რომელიც თანატოლებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა
17/09/2020 10:48:22 საზოგადოება
ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე აცხადებს, რომ მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
ნოზაძის თანახმად, მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა რამდენიმე თანაკლასელთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.
ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.


