პენიტენციურ სამსახურში უწყების თანამშრომლის დაინფიცირების შესახებ ცნობას სიცრუეს უწოდებენ
15/09/2020 13:35:47 საზოგადოება
ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ინფორმაციით, საბადრაგო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება.
როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას" განუცხადა, ადვოკატს, რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, დაუდასტურდა კორონავირუსი. თავის მხრივ ინფიცირებულმა ადვოკატმა განაცხადა, რომ მას ბადრაგთან ჰქონდა კონტაქტი.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი „აქცენტს“ განუცხადეს, რომ სადღეისოდ პენიტენციურ დაწესებულებებში – არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში კოვიდ-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ პენიტენციური სისტემის ყველა თანამშრომელი ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტირებას გადის, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად სისტემის კოვიდ ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ამასთან, სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“,– განუცხადეს „აქცენტს“ პენიტენციურ სამსახურში.


