ზედიზედ მესამე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა იზრდება
15/09/2020 07:07:24 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდ–ცენტრებსა და საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროში 1154 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
"კოვიდ–ინფიცირებული პაციენტებიდან კრიტიკულად მძიმედ არის 5 პაციენტი, გაიზარდა მძიმე პაციენტების რაოდენობა და იგი ამჟამად 35–ს შეადგენს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა", – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 4 კრიტიკული და 25 მძიმე პაციენტი იყო. 14 სექტემბრის მონაცემებით, 5 კრიტიკული და 30 მძიმე პაციენტი იყო.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2562-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1381. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


