სერგეი ლავროვმა ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
15/09/2020 04:20:28 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 15 სექტემბერს ბერლინში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ლავროვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის სამუშაო გრაფიკის ცვლილება გახდა, რის გამოც ორ დიპლომატს შორის მოლაპარაკებებს, ორი საათის ნაცვლად, ერთი საათი ეთმობოდა. ასევე გაუქმდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო პარტნიორობის წლის დახურვის ცერემონიაში მინისტრების მონაწილეობა.
„ამგვარად, გერმანიის დედაქალაქში სერგეი ლავროვის გამგზავრების თავდაპირველი და ძირითადი მიზანი არააქტუალური გახდა, ხოლო ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი – ძალიან შეკვეცილი. აღნიშნულ ფონზე მიღებულ იქნა ხსენებული ვიზიტის გაუქმების გადაწყვეტილება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ გერმანულმა მხარემ ჰაიკო მაასის გრაფიკის ცვლილების შესახებ მოსკოვს 3 სექტემბერს შეატყობინა.
ბოლო რამდენიმე კვირაა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო რუსეთის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოდის.
„ვიმედოვნებ, რომ რუსეთი არ გვაიძულებს, „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია შევცვალოთ“, – განაცხადა მაასმა 6 სექტემბერს.
მანამდე რუსეთში დაგეგმილი ვიზიტები საფრანგეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააუქმეს.


