ბათუმში მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
14/09/2020 18:53:56 საზოგადოება
აჭარაში, ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბენეფიციარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
თავშესაფრის დირექტორის დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, ამ წუთებში იქ კარანტინია გამოცხადებული და ელოდებიან სხვა თანამშრომლებისა და ბენეფიციარების ანალიზის პასუხებს.
„სამწუხაროდ 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან 5 არის მობინადრე და ერთი თანამშრომელი. როგორც ექიმებმა მითხრეს ყველა არის უსიმპტომო. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში კარანტინია გამოცხადებული და ყველას აგვიღეს ანალიზები“, - აღნიშნა იოანე ბარამიძემ.
მისი თქმით, თავშესაფარში 120 ბენეფიციარია. „არ ვიცით ინფიცირების წყარო, რადგან 2 სექტემბრიდან არავინ არ გასულა და შემოსულა თავშესაფარში თანამშრომლების გარდა. რაც შეეხება ინფიცირებლ თანამშრომელს, მას ბენეფიციარებთან შეხება არ ქონია, რადგან შვებულებაში იყო. მას როგორც ვიცი ქორწილთან ჰქონდა შეხება. თუმცა 2 კვირაა თავშესაფარში არ ყოფილა,"- განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.


