მატანში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო
14/09/2020 10:05:58 საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან არ განახლდება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა, სოფელ მატანის საჯარო სკოლის ერთ-ერთ პედაგოგს ლაბორატორიულად Covid 19 დაუდასტურდა, რის გამოც საკოორდინაციო საბჭომ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
“ინფიცირებული ოჯახიდან 10 თვის ბავშვს და ორსულს დაუდასტურდა ვირუსი. ეს ქალბატონი გორში ქორწილში იმყოფებოდა და სწორედ ქორწილის ე.წ კლასტერს ეკუთვნის. ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ ამ ქალბატონის კონტაქტები, მათ შორის მასწავლებლები, სკოლის დირექტორიც. ველოდებით ტესტის პასუხებს“, - განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
სოფელ მატანში დილიდან ორი სამედიცინო პუნქტი მოეწყო. სადაც ნებისმიერ მსურველს PCR მეთოდით ეპიდემიოლოგები ტესტირებას უტარებენ. ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს კი თერმო სქრინინგი უტარდებათ.
ამ დროისთვის სოფელ მატანში 100 მეტი ადამიანია გატესტილი. კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


