NDI - რესპონდენტთა 67% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, 10%– კორონავირუსს
14/09/2020 08:02:05 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 67% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
კითხვაზე, "რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა?", რესპონდეტთა 33% ფასების ზრდა/ინფლაციას ასახელებს, 22% – სიღარიბეს, 20%– დაბალ ხელფასებს, 18% ლარის გაუფასურებას, 11% – მაღალ გადასახადებს, 10% – კორონავირუსს, 6% – საზღვრების ჩაკეტვას, 5% – ტურისტების ნაკლებობას.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


