NDI– ივნისის კვლევის შედეგებთან შედარებით, ზრდასრული მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებელი 7%–ით გაიზარდა
14/09/2020 07:45:10 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, ივნისის კვლევის შედეგებთან შედარებით, ზრდასრული მოსახლეობის უმუშევრობის მაჩვენებელი 7%–ით გაიზარდა.
კვლევის შედეგების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი (24%) აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან (17%) შედარებით შვიდი პროცენტით გაზრდილი მაჩვენებელია. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს, სავარაუდოდ, ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.
კვლევა NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020; ჯამში, 2 045 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.


