ქუთაისში კოვიდ–ინფიცირებულთათვის კიდევ ერთი კლინიკა გამოიყო
14/09/2020 06:23:07 საზოგადოება
ქუთაისში კოვიდ–ინფიცირებულთათვის კიდევ ერთი კლინიკა გამოიყო. კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით კლინიკა „ბომონდში" გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.
პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო 7 ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11 პაციენტიდან ათი ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადაიყვანეს.
როგორც "ბომონდში" აცხადებენ, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ კლინიკის ერთი კორპუსი გამოიყო, ხოლო მის სხვა ნაწილში გეგმური თუ გადაუდებელი აუცილებლობით შემოსული პაციენტების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2392-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 1369. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.


