ცნობილი მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს
12/09/2020 11:45:47 მსოფლიო
ცნობილი ირანელი მოჭიდავე ნავიდ აფკარი 12 სექტემბერს ირანში სიკვდილით დასაჯეს.
ნავიდ აფკარს სახელმწიფო 2018 წელს, ანტისამთავრობო მსვლელობის დროს ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებდა. მოჭიდავე ბრალს უარყოფდა და აცხადებდა, რომ აწამებდნენ და აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მან საკანში თვითმკვლელობა რამდენჯერმე სცადა.
დაკავებულია მისი ორი ძმაც. სასამართლომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
ჭიდაობაში ირანის მრავალგზის პრიზიორს ნავიდ აფკარს სასამართლომ განაჩენი 4 სექტემბერს გამოუტანა. მანამდე ის 74-ჯერ უნდა გაეროზგათ.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერებს შემდეგი ტექსტით მიმართა:
"გავიგე, რომ ირანი აპირებს სიკვდილით დასაჯოს ჭიდაობის დიდი და პოპულარული ვარსკვლავი, 27 წლის ნავიდ აფკარი, რომლის ერთადერთი "დანაშაული" ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობა იყო. ისინი აპროტესტებდნენ "ქვეყნის სიტუაციის გაუარესებასა და ინფლაციას". მივმართავ ირანის ლიდერებს, დიდად მადლობელი ვიქნები, თუ დაინდობთ ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს და მას სიკვდილით არ დასჯით".


