საქართველოს დიდ ქალაქებში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება გადაიდო
11/09/2020 11:08:44 საზოგადოება
თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში და გორში სასწავლო პროცესი ისევე როგორც ბათუმში, 1 ოქტომბრამდე გადაიდო. კერძოდ, როგორც პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, ჩამოთვლილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება, ხოლო უშუალოდ საკლასო ოთახებსა და უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში – პირველი ოქტომბრიდან. გადაწყვეტილება ეხება ჩამოთვლილ ქალაქებში მოქმედ კერძო სკოლებსაც.
„სწავლა დაიწყება დისტანციურად ყველგან, მაგრამ სასწავლო კლასებში – პირველი ოქტომბრიდან. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს [შეზღუდვა] ეხება ყველა წრეს: მოგეხსენებთან რომ ბავშვები სხვადასხვა წრეზე დადიან, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ“, – აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან შეათანხმა, ხოლო მიზანი ეპიდვითარების შეფასებაა.
„დიდ ქალაქებში მობილობა მაღალია და გადაწყვეტილება აქედან მომდინარეობს. ამასთან, გვაქვს შესაძლებლობა, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და არ მოხდეს სწავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“,– გადაწყვეტილება თავის მხრივ განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 2 100–მდე მასწავლებელი უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდა აჭარის რეგიონში, რომელიც "წითელ ზონადაა" მიჩნეული და COVID-19-ზე ტესტირება ყველა მათგანს ჩაუტარდება.
მისივე თქმით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
ამასთან, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, "45 000 მასწავლებლის რენდონული გამოკვლევის გადაწყვეტილებაა მიღებული".
იხილეთ ასევე: მოსწავლეებისთვის კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მიწოდებას სკოლები უზრუნველყოფენ


