Accentnews.ge
COVID-19: თვის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონით გაიზარდა

COVID-19: თვის განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 8 მილიონით გაიზარდა

11/09/2020 11:04:31 მსოფლიო

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში (ანექსირებული ყირიმის ჩათვლით) ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რაც ივლისის ბოლოდან რეკორდული მაჩვენებელია, - იუწყება ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

მისივე ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა 102 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5 734. პანდემიის დაწყების მომენტიდან კი ქვეყანაში 18 365 ლეტალური შემთხვევაა აღრიცხული. მკურნალობას აგრძელებს 165 402 მოქალაქე.

ზუსტად ნახევარი წლის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა. ჩინეთში აღმოჩენილი ვირუსის მსოფლიოში გავრცელების დაწყების დროიდან 188 სახელმწიფოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 28 მილიონს გადააჭარბა, მათგან დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე მეტად ამ მხრივ დაზარალდნენ აშშ, ინდოეთი და ბრაზილია.

მთელი ძალისხმევის მიუხედავად, ბოლო დროს ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. სულ ბოლო 4 დღის განმავლობაში მსოფლოში 1 მილიონით მეტი ინფიცირებული გამოვლინდა: 27 მილიონიანი ზღვარი 7 სექტემბერს იქნა დაძლეული. მთელი ბოლო თვის განმავლობაში კი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 მილიონით გაიზარდა.

ასე, მაგალითად, საფრანგეთში ინფიცირების თითქმის 10 000 ახალი შემთხვევაა აღრიცხული, რაც რეკორდული მაჩვენებელია ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამავდროულად ქვეყანაში ბოლო დღეებში შეიმჩნევა პაციენტების რაოდენობის მატება ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, - იუწყება BBC-ს რუსული სამსახური.

პარასკევს პარიზში დაგეგმილია მთავრობის წევრთა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების ერთობლივი სხდომა, რომელზეც შემოსაღები შეზღუდვების საკითხი განიხილება.

ისრაელის ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე სადღესასწაულო პერიოდში ორკვირიანი მკაცრი კარანტინის შემოღებას დასთანხმდა. ამავე პერიოდში სრულად შეწყდება ეკონომიკური საქიანობა. იმუშავებენ მხოლოდ სასიცოცხლო მნიშვნელობის საწარმოები. შემდეგ დაიწყება “მკაცრი შეკავების” ორი კვირა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკური საქმიანობა მხოლოდ სანახევროდ აღდგება. სკოლები და უნივერსიტეტები არ გაიხსნება.

მანამდე ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ ისრაელის საავადმყოფოები შესაძლებლობების ზღვარს უახლოვდებიან მძიმე შემთხვევების რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო.

BBC-ს მიერ 27 სახელმწიფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პანდემიამ ამ ქვეყნებს უფრო ძლიერად დაარტყა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს. შეზღუდვების შემოღების გამო შემოსავლები შედარებით ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის 69% და შედარებით მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებელთა 45%-ს შეუმცირდა.

30 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ქალთა მდგომარეობა მამაკაცებისაზე უარესია, აფროამერიკელები კი ინფიცირების უფრო მაღალ დონეზე მიუთითებენ, ვიდრე აშშ-ის ევროპოიდი მოქალაქეები.

პანდემიასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობენ გამოკითხვის ახალგაზრდა მონაწილეებიც, რომელთა შორის ბევრმა განათლების მიღებისა და სამსახურის შოვნის შესაძლებლობა დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S