პირი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ორ ქორწილში იმყოფებოდა
10/09/2020 13:10:51 საზოგადოება
ცაგერის მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. ირკვევა, რომ პირი, რომელიც თბილისში ქორწილში იმყოფებოდა, COVID-19–ის დადასტურებამდე მეორე საქორწილო სუფრაზეც იყო. თავის მხრივ აღნიშნულ სოციალურ ღონისძიებას 250–მდე პირი ესწრებოდა.
„ინფიცირების წყაროა ქორწილიდან, რომელიც ჩატარდა თბილისში. კონტაქტი იყო ორბელიდან, რომელიც დაბრუნდა უკან და მეორე ქორწილში იმყოფებოდა. იმის გამო, რომ პირველი ქორწილის კონტაქტი იყო, გავტესტეთ და აღმოჩნდა დადებითი და უკევე დღის წესრიგში დადგა ქორწილზე დამსწრე პირების გატესტვა. ქორწილში დაახლოებით, 250 ადამიანი იმყოფებოდა. ახლო კონტაქტი ყველას არ ჰქონდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ კონტაქტების დადგენას, რათა ყველა გავტესტოთ. ამჟამად 100–მდე პირია გატესტილი, რომლებსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდათ“,– განაცხადა ეპიდემიოლოგმა ჟურნალისტებთან.
ცნობისთვის: საქართველოში ბოლო 24 საათში დაფიქსირებული 57 ახალი შემთხვევიდან 7 ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. გუშინ რეგიონში ხუთი შემთხვევა დადასტურდა.
დღეიდან მუნიციპალიტეტის სამი სოფელი იკეტება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან სოციალური ღონისძიებები – ქელეხები და ქორწილები, იკრძალება. იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.


