კოლესნიკოვა: "თავზე ტომარა ჩამომაცვეს და მოკვლით დამემუქრნენ"
10/09/2020 11:16:32 მსოფლიო
ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მოკვლით დაემუქრნენ და ამ გზით ცდილობდნენ მის უკრაინაში გაძევებას.
„მითხრეს, რომ თუკი ბელარუსის რესპუბლიკას ნებით არ დავტოვებდი, მაინც გამაგდებდნენ, ცოცხალს ან ნაკუწებად დაჭრილს. ასევე იყო მუქარა 25 წლამდე ვადით პატიმრობის შესახებ“, - აღნიშნულია კოლესნიკოვას განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გაავრცელა.
ადვოკატის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა მინსკში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.
ოპოზიციონერების წინააღმდეგ საქმე „ძალაუფების ხელში ჩაგდების თაობაზე მოწოდებების“ მუხლით არის აღძრული.
"ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, კალესნიკოვას ადვოკატი ილია სალეი. მიმდინარეობს საგამოძიებო მომქედებები სისხლის სამართლის საქმეზე ყველა არსებითი გარემოების დასადგენად", – აცხადებენ საგამოძებო კომიტეტში.
მაქსიმ ზნაკი 9 სექტემბრის დააკავეს. რაც შეეხება მარია კალესნიკოვას, იგი 7 სექტემბერს, მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ გაუჩინარდა.
ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში აცხადებენ, რომ ბელარუსის ხელისუფლებას სურდა კალესნიკოვა და მისი ორი თანამებრძოლი – ანტონ როდნიანკოვი და ივან კრავცოვი იძულებით გაეძევებინათ უკრაინაში. თუმცა, კალესნიკოვამ მოასწრო პასპორტის დახევა და ამ გზით შეუშალა ხელი ქვეყნიდან მის გაძევებას. ბელარუსის ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ "კალესნიკოვა მისმა თანამზრახველებმა მანქანიდან გადმოაგდეს საზღვრის ბუფერულ მონაკვეთში და თავად უკრაინაში მიიმალნენ".
მარია კალესინიკოვა და მაქსიმ ზნაკი საკოორდინაციო საბჭოს 7–კაციანი პრეზიდიუმის ბოლო ორი წევრი იყო, რომლებიც დღემდე თავისუფლებად აგრძელდებდნენ საქმიანობას. დანარჩენი ხუთი წევრი კი ან დააპატიმრეს, ან ქვეყნიდან გააძევეს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრია ასევე ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი, რომელიც არ მონაწილეობდა პრეზიდიუმის სხდომებში, მაგრამ აცხადებს, რომ სრულად იზიარებს ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს: გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რეპრესიების შეწყვეტას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებს.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


