"სამწუხაროდ, ბათუმში 10 კოვიდ–ინფიცირებულის წყარო არ ვიცით"
09/09/2020 08:57:43 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმში 10 კოვიდ–ინფიცირებულის წყაროს დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
"ყველაზე ცხელ წერტილად ქვეყნის მასშტაბით აჭარა რჩება. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს - 100 ათას მოსახლეზე -47,8 ახალი შემთხვევა. იქ 25-დან 7 არის ხოფის კლასტერი - 2 თანამშრომელი და 5 ოჯახის წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევა გვაქვს თვაისი ოჯახის წევრებით, 1 სამშობიარო სახლის ექთანია, 1- გარემოს დაცვის თანამშრომელი, 2- „ორბის“ თანამშრომელი, 1 -სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, 1 კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარია და 10 გვაქვს ბათუმში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო", – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას.
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა.
ცნობისთვის: 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "წითელ ზონად" გამოცხადდა აჭარის რეგიონი, თუმცა განიმარტა, რომ რეგიონის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.


