"ჩაკეტვების პოლიტიკა შეცვალა ე.წ. ბალანსირებულმა პოლიტიკამ"
09/09/2020 08:43:58 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ჩაკეტვების პოლიტიკა შეცვალა ე.წ. ბალანსირებულმა პოლიტიკამ". ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ზოგადად ჩაკეტვის პოლიტიკა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, დღის წესრიგში აღარ დგას:
„დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ამ ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ ბალანსირებული პოლიტიკა: ერთის მხრივ, სწრაფი გამოვლენა და მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება და მართვა, მეორეს მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა.
ცნობისთვის: 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "წითელ ზონად" გამოცხადდა აჭარის რეგიონი, თუმცა განიმარტა, რომ რეგიონის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.


