კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა
09/09/2020 06:09:37 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, აჭარაში PCR ტესტი 2700 პირს ჩაუტარდა.
ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
25 ახალი პაციენტიდან 22 პირს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აღენიშნება, 3 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან.
საქართველოში ბოლო 24 საათში CIVID-19–ით ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1773–მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ამასთან, გამოჯანმრთელებულია ჯამში 1325 პირი, მათგან გასული დღე ღამის განმავლობაში – 4. კარანტინის რეჟიმში რჩება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.
ცნობისთვის: 8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. "წითელ ზონად" გამოცხადდა აჭარის რეგიონი, თუმცა განიმარტა, რომ რეგიონის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.
აჭარაში დაფიქსირებული შემთხვევების დიდი ნაწილი საკონდისტრო "დონას" – პერსონალსა და მომხმარებლებს უკავშირდება. შემთხვევები დაფიქსირდა მათშიც, ვისაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ამიტომ, ინფექციონისტები მოუწოდებენ მოქალაქეებს, თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ აჭარაში, აწარმოონ მონიტორინგი, განსაკუთრებით მე-3-დან მე-8 დღის შუალედში და სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუკავშირდნენ 112–ს.
იმისთვის, რომ რეგულაციები არ გამკაცრდეს, მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. ეს რეკომენდაციებია: დახურულ შენობებში პირდაბის ტარება, ღიაშიც, თუ სოციალური დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება; დისტანციის და პირადი ჰიგიენის დაცვა, დიდი თავყრილობების დახურულ სივრცეში არგამართვა.
უნდა აღინიშოს, რომ ინფექციონისტების განმარტებით, უკანასკნელ რამდენიმე დღეში დაფიქსირებული შემთხვევების ნაწილი ბათუმსა და თბილისში გამართულ საქორწილო სუფრებს უკავშირდება.


