მედია: ბრექსითის შესახებ ლონდონისა და ბრიუსელის დავამ შესაძლოა, სასამართლოში გადაინაცვლოს
08/09/2020 17:54:38 მსოფლიო
ბრექსითის შესახებ ლონდონისა და ბრიუსელის დავამ შესაძლოა, ევროპის სასამართლოში გადაინაცვლოს, თუ ლონდონი იანვარში პრემიერ ბორის ჯონსონის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს დაარღვევს, - წერს “The Guardian”.
ამ პუბლიკაციამდე თავად ჯონსონი ბრიუსელს შეთანხმების გაწყვეტით დაემუქრა.
დღეს, 8 სექტემბერს ლონდონში ბრექსითის შემდეგ ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობების თაობაზე მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დაიწყო. Financial Times-ის ცნობით, სამეფო ახალი კანონის მისაღებად ამზადება, რომელმაც შესაძლოა, ბრექსითის შესახებ ერთ-ერთ მთავარ – ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსის შესახებ დებულებას იურიდიული ძალა დაუკარგოს.
ადრე ლონდონმა და ბრიუსელმა მოილაპარაკეს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის გამჭვირვალე საზღვარი შენარჩუნდებოდა. ამასთან, არსებული შეთანხმება ჩრდილოეთ ირლანდიიდან ბრიტანეთში ჩამავალი ტვირთების საბაჟო შემოწმების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, ჯონსონის მიერ შეთავაზებული ცვლილებებით ბრიუსელს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს და ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით, ლონდონს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ჯარიმები დაეკისროს, ხოლო თავად ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება იურიდიულ ძალას დაკარგავს, ამან შესაძლოა, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ომი გამოიწვიოს.
ბრიტანელმა ამომრჩევლებმა ევროკავშირიდან გასვლას 2016 წლის რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი.
ყოფილი პრემიერი ტერეზა მეი ევროკავშირთან მოლაპარაკებებს ორი წლის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა მის მიერ დადებული შეთანხმება ბრიტანულმა პარლამენტმა სამჯერ უკუაგდო. ბორის ჯონსონმა, რომელმაც პრემიერის თანამდებობაზე მეი შეცვალა, პირობა დადო, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან ნებისმიერ შემთხვევაში გაიყვანდა – ხელშეკრულებით, ან მის გარეშე.2020 წლის ბოლომდე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთი შესაძლოა, ევროკავშირს თავისუფალ ვაჭრობაზე შეუთანხმდეს.


