გამყრელიძე მოქალაქეებს ინსტრუქციას სთავაზობს
08/09/2020 13:29:51 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს მოქალაქეებს, რომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. კერძოდ,
- ყველა დახურულ შენობაში პირბადის ხმარება და ღია სივრცეშიც, თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება;
- აუცილებელია დისტანციის დაცვა, ერთი მეტრი, მეტრ ნახევარი და თუ არის საშუალება, კიდევ უკეთესი – ორი მეტრი;
- აუცილებელია სანიტარული წესრიგის დაცვა და ზოგადად, მონიტორინგის გამკაცრება.
- მოქალაქე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე უნდა დაუკავშირდეს 112-ს.
„თვითმონიტორინგის გამკაცრება ნიშნავს იმას, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯანმრთელობის თვითმონიტორინგი ვაწარმოოთ – გვაქვს თუ არა მცირე ტემპერატურის მომატება, გვეწყება თუ არა ხველა, სუნთქვის უკმარისობა, დავრეკოთ 112-ზე, მივმართოთ ექიმს და ექიმის დანიშნულების მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ რომელიმე ეს სიმპტომი არის, ექიმი თქვენ გეტყვით, რომ უნდა ჩაიტაროთ ტესტირება, კოვიდზე და ეს აუცილებლად ჩასატარებელია და მოგეხსენებათ, ამისთვის ქვეყანაში დაახლოებით 40-50-მდე ადგილი არსებობს ქვეყანაში. მათი სია არის ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ გვერდებზე და შეგიძლიათ მიმართოთ და ამას ყველაფერს აფინანსებს სახელმწიფო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება ვირუსის ახალ შემთხვევებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თმით, ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, ბათუმი:
„დღევანდელი 45 შემთხვევიდან სამი გახლავთ ისევ და ისევ დაკავშირებული „დონას“ კლასტერთან და მოგეხსენებათ ამ ეტაპზე ცხელ წერტილად რჩება აჭარის რეგიონი და განსაკუთრებით, ბათუმი დღეს 45 შემთხვევიდან 23 შემთხვევა უკავშირდება აჭარის რეგიონს და კერძოდ, ბათუმს. აქედან კიდევ სამი გახლავთ სწორედ „დონას“ კლასტერი. 19 გახლავთ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი და ისინი ძალიან სწრაფად იყვნენ მოკვლეული. რუსთავის „ავერსის“ პოლიკლინიკის კლასტერს უკავშირდება დამატებით კიდევ ოთხი შემთხვევა. 4 შემთხვევა გვაქს იმპორტირებული, ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და 12 გახლავთ ადამიანები, ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიით“.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც 20 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდა საკონდიტრო „დონაში“, ასევე 30-31 აგვისტოს იმყოფებოდა ჩაქვის სასტუმრო „ოაზისში“, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და მათ უფასოდ ჩაუტარდებათ PCR–ტესტირება.
"ვინც ზოგადად, აგვისტოში იმყოფებოდით აჭარის რეგიონში, აწარმოოთ 7-დან 14 დღემდე თვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი. დაუკვირდეთ, ხომ არ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და თუ ასეთი სიმპტომია, მაშინვე დარეკეთ 112-ზე, მიმართეთ ოჯახის ექიმს და შესაბამისად, ჩაიტარეთ ტესტირება, რათა გამორიცხოთ კოვიდ ინფექცია.
ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია. 8 აგვისტოს განიმარტა, რომ ვირუსის შემთხვევების ზომიერი მატება ამ მაჩვენებლით ეჭვქვეშ დგება. ამ ეტაპზე საქართველო "მწვანე ზომის" სტატუსს ინარჩუნებს. "წითელ ზონად" ცხადდება აჭარის რეგიონი.


