მუხთარლიმ მერკელის ოფისის წინ შიმშილობა დაიწყო
08/09/2020 13:18:13 მსოფლიო
ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ რამდენიმე კოლეგასთან ერთად ბერლინში, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისის წინ შიმშილობა დაიწყო.
პროტესტის მონაწილეები აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერის ტოფიგ იაგუბლუს და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. გარდა ამისა, პროტესტანტებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა დაკავებული აქტივისტებისთვის; ელმარ ჰუსეინოვის, რაფიგ ტაგის, რასიმ ალიევის და ბლოგერ მეჰმამ გალანდარლის დამკვეთები წარდგნენ სასამართლოს წინაშე. ევროკავშირის ქვეყნებმა დააწესონ სანქციები ილჰამ ალიევის ოჯახის და აზერბაიჯანის მთავრობის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ქვეყანაში ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაარღვიეს.
აზერბაიჯანის მთავრობა დევნის ჟურნალისტებს, ბლოგერებს და აქტივისტებს, რომლებიც ალიევის მმართველობას აკრიტიკებენ და მათ დანაშაულებში ამხელენ.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, თუმცა 2017 წლის 29 მაისს ჟურნალისტი თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს გაირკვა, რომ ის ბაქოში ჰყავდათ დაკავებული. აღმოჩნდა, რომ მუხთარლის პასპორტი თბილისში მის ცოლს, ლეილა მუსფატაევას ჰქონდა, რომელიც ასევე ჟურნალისტია. მოგვიანებით ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის თბილისიდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით გადაიყვანეს. ქართულ გამოძიებას ამ ეპიზოდზე არაფერი უთქვამს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2020 წლის მარტში გაათავისუფლეს. მანამდე მისმა ოჯახმა თავშესაფარი გერმანიაში მიიღო.


