მარტვილში კორონავირუსი 2 მოზარდს დაუდასტურდა
08/09/2020 09:02:41 საზოგადოება
სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარტვილის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახის ორ წევრს, 19 და 15 წლის მოზარდებს დაუდგინდათ კორონავირუსი. მათი ინფიცირება ბათუმში სტუმრობას უკავშირდება. ორივე მათგანი გადაყვანილია რუხის საავადმყოფოში.
„ისინი ბათუმიდან ჩამოვიდნენ 30 აგვისტოს. 6 სექმებერს აღენიშნებოდათ უკვე კლინიკა - ცხელება. მათ აუღეს ნიმუშები და დაუდასტურდათ კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების უფროსმა ანზორ ქობალიამ.
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. დღე–ღამის განმავლობაში დაავადებით 45 პირი დაინფიცირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო ჯამში ინფიცირების შემთხვევებმა 1729-ს მიაღწია.
დღეს გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და 1321 ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 "ავერსის" კლინიკის მედპერსონალია, ხოლო სამის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ბოლო 24 საათში 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გახდა 1729. 45 ახალი პაციენტიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 19 პაციენტის წყაროა დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 4 სამედიცინო პერსონალი "ავერსის" კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, 12 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 3 ინფიცირებულზე ეპიდემიოლიოგიურ კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის და კონტაქტების მოძიებს მიზნით", – განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა , რომ ახალი შემთხვევებიდან აჭარას 23 უკავშირდება.


