გერმანია ლუკაშენკოს მოუწოდებს, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს
07/09/2020 19:35:53 მსოფლიო
გერმანია ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მოუწოდებს, ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოს.
"ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ქალბატონ კოლესნიკოვას გამო. მოვითხოვთ მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ბელარუსში დაკავებული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას", – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ლუკაშენკოს, აწარმოოს პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან.
"თუ ბატონი ლუკაშენკო არ შეცვლის არსებულ მიდგომას, ევროკავშირი შესაბამის რეაგირებას მოახდენს", – დასძინა მაასმა.
დღეს დილით მინსკის ცენტრში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს, – იუწყება ინტერნეტპორტალი TUT.BY თვითმხილველზე დაყრდნობით.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია.
მარია კოლესნიკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


