ბათუმში covid-19 დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა
07/09/2020 12:21:36 საზოგადოება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ნონა ეფაძის ინფორმაციით, ბათუმში covid-19 დაუდასტურდა მასწავლებელს, რომელსაც კოლეგებთან ჰქონდა შეხვედრა.
მასწავლებლის კონტაქტები მოძიებულია და ამ დროისთვის მათი PCR ტესტირება მიმდინარეობს.
"ამ პედაგოგს არ ჰქონდა შეხება არც მშობლებთან და არც მოსწავლეებთან, ჰქონდა შეხვედრა თავის კოლეგებთან და ჰქონდა გარკვეული კონტაქტი. შეფასება მიმდინარეობს ამ კონტაქტების და უკვე მიმდინარეობს მათი PCR ტესტირება. მას ჰქონდა ორ სკოლასთან შეხება, ორივე სკოლასთან აქტიურად მიდის მუშაობა", - განაცხადა ეფაძემ.
საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.
ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ ეტაპზ ყველაზე ცხელ კერად აჭარა სახელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად განახლდება.


