საქართველო ამ ეტაპზე „მწვანე ზონად“ რჩება
07/09/2020 11:59:13 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების დინამიურად ზრდის ტენდენციაა და ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია.
„ჯერჯერობით, რა თქმა უნდა მწვანე ზონაში ვართ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, გვაქვს კონტროლირებადი და სრულად მართვადი ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თვითდამშვიდებული უნდა ვიყოთ, რადგანაც ზრდის ტენდენცია არის, რომელიც პროგნოზირებადი იყო, რადგან შიდა ტურიზმის ძალიან აქტიური სეზონი გამოვიარეთ, განსაკუთრებით აჭარაში“, - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.


