აჭარაში აგვისტო–სექტემბერში COVID-19–ის 154 შემთხვევაა გამოვლენილი
07/09/2020 11:27:11 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, ბოლო 24 საატში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 20 აჭარას უკავშირდება და ჯამში აგვისტო–სექტემბერში საქართველოს ამ რეგიონში COVID-19–ის 154 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 40 საკონდისტრი „დონას“ „კლასტერთან“ არის კავშირი, ხოლო 30 ქობულეთშია დადასტურებული.
„სადღეისოდ ქვეყანაში ცხელ წერტილად აჭარის რეგიონი გვაქვს“,– აღნიშნა ამირან გამყრელიძემ, თუმცა დასძინა, რომ ქვეყანა „მწვანე ზონის“ სტატუსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ბოლო პერიოდში უშუალოდ გურიაში გამოვლენილი შემთხვევები ბათუმში ჩატარებულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება და ის მოქალაქეებს მოუწოდებს, ამ ეტაპზე მსგავს ღონისძიებებს მოერიდონ.
„დიდი შეკრებები აჭარაში პრობლემატურია. ჩვენ ახლა, ამ 3 დღის განმავლობაში, გურიაში - ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტბში 6 შემთხვევა გვაქვს. 6-ვე შემთხვევა ბათუმში დიდ ქორწილთან არის დაკავშირებული. ღმერთმა ქნას, ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და ბევრი ბავში დაიბადოს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში შევიკავოთ თავი დიდი თავყრილობებისგან. რა თქმა უნდა ქორწილის შესაბამისი აღნიშვნა უნდა იყოს, მაგრამ არ შეიძლება 300 და 400 კაციანი იყოს, რომელიც ძალიან მომატებული რისკია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების ზრდისა, ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.
საქართვლოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID–19 34 პირს დაუდასტურდა, ხოლო 5 პირი გამოჯანმრთელდა. ამრიგად ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1684–მდე გაიზარდა, მათგან 1315 პირი გამოჯანმრთელდა.
გარდა ამისა, ეპიდემიას ქვეყანაში დღემდე 19 პაციენტი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში რჩება 6020 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299.


