მედია – მინსკის ცენტრში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს
07/09/2020 09:39:34 მსოფლიო
მინსკის ცენტრში ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. როგორც ინტერნეტპორტალი TUT.BY თვითმხილველზე დაყრდნობით იუწყება, კოლესნიკოვა დღეს დილით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმთან უცნობმა პირებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.
მარია კოლესნიკოვა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი პრეტენდენტის, ვიქტორ ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელი და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრია. იგი აქტიურად მონაწილეობდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებში.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


