Accentnews.ge
აფეთქება თბილისში: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

აფეთქება თბილისში: როგორია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

04/09/2020 14:26:32 საზოგადოება

ფილარმონიასთან მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირი სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

ალადაშვილის კლინიკის კლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაშავებული 33 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„შემოსვლისთანავე დაფიქსირდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ტრავმული შოკი. პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. აღენიშნება მრავლობითი ექსკორაციები სახის არეში, დამწვრობა სახის და გულ-მკერდის არეში, ჭრილობები მხრის, გულ-მკერდისა და კისრის არეში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სრულყოფილი კვლევა და კვლევის შემდეგ გადავწყვეტთ, ოპერაციული ჩარევა სჭირდება თუ არა. მამაკაცს უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემდეგ გადავწყვეტთ ტაქტიკას“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ამბობს, მათი მდგომარეობა ნაკლებად მძიმე, თუმცა საყურადღებოა:

„აფეთქების შედეგად არის ერთი გარდაცვლილი პიროვნება, ხოლო გვყავს სამი დაშავებული, რომლებიც გადაყვანილები არიან შესაბამის კლინიკებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი პაციენტის მდგომარეობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. ის გადაყვანილია ალადაშვალის სახელობის კლინიკაში. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა, ამ პაციენტთან შედარებით არის ნაკლებად მძიმე, თუმცაღა საყურადღებო. მიმდინარეობს გამოკვლევები და პაციენტებთან შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხვა დაშავებულები ადგილზე არ ყოფილან. დაზიანებებზე შემიძლია გითხრათ, რომ არის სხვადასხვა ტიპის ტრავმები და დამწვრობები“.

ცნობისთვის: აფეთქება ფილარმონიასთან დღის მეორე ნახევარში მოხდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ერთი პირი, ხოლო სამი დაშავდა. არსებული ვერსიით, მუშებს ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S