ნატო ნავალნის მოწამლვას საგანგებო სხდომაზე განიხილავს
04/09/2020 09:03:57 მსოფლიო
გერმანიის ინიციატივით, ნატო რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვას სანაგებო სხდომაზე განიხილავს.
ელჩების დონეზე ნატო-ს საბჭო დღეს შეიკრიბება, - იუწყება “ტვიტერში” ალიანსის ოფიციალური წარმომადგენელი.
ელიან, რომ სხდომის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ამ დანაშაულის მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება ჩაატაროს.
მანამდე სტოლტენბერგმა ნავალნის მოწამლვას "მაშოკირებელი" უწოდა და აღნიშნა, რომ ალიანსი ქიმიური იარაღის ნებისმიერ გამოყენებას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხედ განიხილავს.
ნავალნის მოწამლვაზე ერთობლივი საერთაშორისო რეაგირებისკენ მოწოდებით გამოვიდა ევროკავშირიც. ორგანიზაცია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობას უმკაცრესად გმობს და იტოვებს უფლებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, სანქციების ჩათვლით, - ნათქვამია ევროპული დიპლომატიის ლიდერ ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.
საქართველო რუსი ოპოზიციონერის ალექსანდრე ნავალნის მოწამლვის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა, – იუწყება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.
„3 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამლვის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც საქართველო მიუერთდა.
ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.
31 აგვისტოს გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის სპეცლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “რუსეთში მოწამლეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც თავისი შემადგენლობით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემუშავებული საბრძოლო აგენტის – “ნოვიჩოკის” მსგავსია და რომელიც 2018 წელს სკრიპალებზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება “ფაქტებით არაა გამყარებული”. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა ბერლინს “რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძვლების წინასწარ შექმნის მცდელობასა” და “ნავალნისთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების არსურვილში” დასდო ბრალი.
თავის მხრივ, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ “ამ დროისთვის კრემლი ვერ მოახდენს კვალიფიციურ რეაგირებას” გერმანიის მთავრობის განცხადებაზე, რადგან “ადრე ბერლინში გაგზავნილი ოფიციალური განაცხადები უპასუხოდ დარჩა”. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი მზადაა და დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთქმედებითა და სრული მონაცემების გაცვლით”.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის განცხადების ფონზე აქციათა რუსული ბაზარი ერთი თვის წინანდელ ზღვრამდე დაეცა, რუბლმა კი მკვეთრი ვარდნა განიცადა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში.


