"საქართველოს ბანკის" თანამშრომლებს "დონაში" ვიზიტის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდათ
03/09/2020 19:07:58 საზოგადოება
"საქართველოს ბანკის" ბათუმის ფილიალის "სოლო ლაუნჯის" ორ თანამშრომელს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
ირკვევა, რომ აღნიშნული პირები საკონდიტრო "დონაში" იმყოფებოდნენ, რომელიც ბოლო დღეებია, ეპიდემილოგიური ვითარების თვალსაზრისთ ყურადღების ცენტრში არიან.
„ჩვენი ორი თანამშრომელი იმყოფებოდა „დონაში“ და სამწუხაროდ, დაუდგინდათ კოვიდი 19. ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა ნორმის დაცვას და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მათთან ერთად ვმოქმედებთ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად. ბათუმში ბოლო დროს გახშირებული შემთხვევებიდან გამომდინარე ჩვენ პროაქტიულად დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლების ტესტირება.“ – განუცხადეს "აქცენტს" „საქართველოს ბანკში.“
ამ დრომდე არსებული ეპიდსურათით, ვირუსი მხოლოდ "დონას" თანამშრომლებს და თანამშრომლების ახლო კონტაქტებს – ნათესავებს ჰქონდათ დადასტურებული, ამდენად, ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ ვირუსი "გარეთ არ გასულა", თუმცა აღნიშნული ახალი შემთხვევები ეპიდვითარებას ცვლის.


