ცერცვაძემ COVID–19–ის საწინააღმდეგო პრეპარატზე ისაუბრა, რომელზეც სპეციალისტები იმედებს ამყარებენ
03/09/2020 18:04:10 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ცნობით, შექმნილია ახალი პრეპარატი, რომელზეც COVID–19–ის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით დიდი იმედები მყარდება. საუბარია მონოკლონურ ანტისხეულებზე.
„გამოისახა ძალიან კარგი პერსპექტივა: შექმნილია COVID-19-ის სამკურნალო მონოკლონური ანტისხეულები. ეს არის მედიკამენტების პრინციპულად ახალი თაობა. ეს არ არის არც ერთი აქამდე ცნობილი წამალი. მან ბევრი დაავადების მკურნალობის პროცესში მოახდინა რევოლუცია იქ, სადაც შექმნეს. ეს იმდენად ახალი მედიკამენტია, რომ ყველას არ ანდობენ და პირადად ფაუჩის [აშშ–ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი] რეკომენდაციით, ჩვენ ჩაგვრთეს ამ კვლევაში“,– განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
მისივე თქმით, კოვიდგადატანილი ადამიანების პლაზმით ავადმყოფების მკურნალობა კვლავ რჩება ერთ–ერთ ეფექტურ მეთოდად და ერთადერთ საშუალებად, რომელიც პირდაპირ ვირუსზე მოქმედებს. მაგრამ ცერცვაძე განმარტავს, რიგ შემთხვევებში, ადამიანების სხეულებში გამომუშავებული ანტისხეულები არასაკმაისია, ხოლო ვინაიდან მონოკლონური ანტისხეულები ხელოვნურად გამომუშავდება, იქ მათი მაღალი კონცენტრაცია გარანტირებულია და მაღალი ალბათობით, მათ გამოყენებას მაღალი ეფექტი ექნება.
ცერცვაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომლებმაც ახალი ტიპის ვირუსი გადაიტანეს, ინფექციურ საავადმყოფოში ან იმ ცენტრებში, სადაც მკურნალობდნენ, სისხლი ჩააბარონ და იხსნან სხვა ადამიანების სიცოცხლე.
„ჯერ არ ვიცით, რამდენი ხანი რჩება ანტისხეულები ორგანიზმში, მაგრამ ვიცით, რომ სამი თვე მაინც რჩება“,– ამბობს ცერცვაძე.
რაც შეეხება ქვეყანაში უკვე დანერგილი მკურნალობის მეთოდებს, ცერცვაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარია, ექიმს გართულება არ გამოეპაროს:
„ჩვენ ვიცით ყველა სამიზნე, რომელიც შეიძლება, კოვიდმა დააზიანოს. ამიტომ, შემოსვლისთანავე ვუტარებთ პაციენტს გამოკვლევას მულტიპროფილური ჯგუფის მიერ. მხოლოდ ინფექციონისტი აღარ კურირებს – ეს მნიშვნელოვანი სიახლეა: კურირებს რეანიმალტოლოგი, კარდიოლოგი, ნერვოპათოლოგი და ა.შ. პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე ფასდება, რომ რომელიმე გართულება არ გაგვეპაროს და თუ არ გაგვეპარება, ლეტალური გამოსავლის ალბათობა ძალიან მცირდება. ყველა გართულებას თავისი წამალი აქვს და მთავარია მათი სწორად გამოყენება“.


