ცერცვაძე განმარტავს, უნდა ველოდოთ თუ არა ქვეყნის მასშტაბით მკაცრ საკარანტინო ზომებს
03/09/2020 17:32:10 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ქვეყანაში COVID-19–ის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა.
„მეორე ტალღა არ დაწყებულა. ჯერ პრველი ტალღა არ დამთავრებულა მსოფლიოში – საქმე გვაქვს პირველი ტალღის კუდებთან“,– განაცხადა ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ის დარწმუნებულია, რომ ამჯერად მკაცრი საკარანტინო ზომების მიღება არ გახდება საჭირო:
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ დღეს, ეს სიტუაცია, რაც ხდება მიკრიაფეთქბების სახით, ამ ფარგლებს არ გასცდება, არ განმეორდება ის, რისიც მთელს საზოგადოებას ეშინია, არ გახდება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო ზომების შემოღების საჭიროება, იმ ზომების, რომელმაც ეკომნომიკის უდიდესი რეცესია გამოიწვია და რის გამოც ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავალი. ჩემი ღრმა რწმენით, ეს ქვეყანას არ ექმურება: იმიტომ, რომ მაშინ ეს მაინც ახალი იყო, არ იყო გამოცდილება, ჩვენმა ქვეყანამ გაატარა პრევენციული ზომები, მაგრამ მაინც არ იყო ამისთვის მზად. ახლა სერიოზული გამოცდილება შევიძინეთ და ამ გამოცდილებაში ყველაზე დამაიმედებელი ისაა, რომ როდესაც ასეთი მიკრო აფეთქების კერები გაჩნდა, ქვეყანამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და რაც მთავარია, პროპორციული ძალით და მიაღწია სასურველ შედეგს. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება“,– აღნიშნა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: მესტიის შემდეგ, ეპიდვითარება საქართველოს მეორე საკურორტო რეგიონში – აჭარაში გართულდა. ვინაიდან შემთხვევების ძირითადი ნაწილი საკონდიტრო "დონას" "კლასტერს" უკავშირდება, ვითარება მიკრო–ეპიდაფექებად შეფასდა. გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ორ სასტუმროში, ვირუსით დაინფიცირდა ავტობუსის მძღოლი.


