ლონდონი, ბერლინი და ვაშინგტონი ნავალნის საქმეში «სამართლის ზეიმის» პირობას დებენ
03/09/2020 08:19:34 მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვაში დამნაშავეთა მიმართ "სამართალი იზეიმებს». მან ოპოზიციონერი ლიდერის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენებას «აღმაშოთებელი» უწოდა და მოითხოვა ოფიციალური მოსკოვისგან, «ახსნას, რა დაემართა ნავალნის».
თავის მხრივ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ ულიოტმა რუსეთი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება “ნოვიჩოკის” “არაერთგზის გამოყენებაში” დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე სანქციებს დაექვემდებარება. "ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო თანამეგორბობასთან, რათა ამ ადამიანებმა პასუხი აგონ", – დასძინა მან.
რუსეთის მიმართ შესაძლო საქნციების შესახებ გააკეთა განცხადება გერმანიამაც. მმართველი საპარლამენტო პარტიის სპიკერმა იურგენ ჰარდთმა განაცხადა, რომ გერმანია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად "რუსეთის საკითხში ჩამოაყალიბებს ერთიან პოზიციას, რომელიც არც სანქციების დაწესებას გამორიცხავს". კანცლერმა ანგელა მერკელმა კი დაადასტურა, რომ ნატო-ელ და ევროკავშირელ პარტნიორებთან ნავალნის მოწამლვის საკითხში ერთიან პოზიციაზე იმსჯელებს.
ოთხშაბათს გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის სპეცლაბორატორიის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი “რუსეთში მოწამლეს ქიმიური ნივთიერებით, რომელიც თავისი შემადგენლობით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში შემუშავებული საბრძოლო აგენტის – “ნოვიჩოკის” მსგავსია და რომელიც 2018 წელს სკრიპალებზე თავდასხმისას იქნა გამოყენებული”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გერმანიის მთავრობის განცხადება “ფაქტებით არაა გამყარებული”. ამასთან, ოფიციალურმა მოსკოვმა ბერლინს “რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ნაბიჯების გადასადგმელად საფუძვლების წინასწარ შექმნის მცდელობასა” და “ნავალნისთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარების არსურვილში” დასდო ბრალი.
თავის მხრივ, პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პერსკოვმა განაცხადა, რომ “ამ დროისთვის კრემლი ვერ მოახდენს კვალიფიციურ რეაგირებას” გერმანიის მთავრობის განცხადებაზე, რადგან “ადრე ბერლინში გაგზავნილი ოფიციალური განაცხადები უპასუხოდ დარჩა”. ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ “მოსკოვი მზადაა და დაინტერესებულია გერმანიასთან ურთიერთქმედებითა და სრული მონაცემების გაცვლით”.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის განცხადების ფონზე აქციათა რუსული ბაზარი ერთი თვის წინანდელ ზღვრამდე დაეცა, რუბლმა კი მკვეთრი ვარდნა განიცადა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში.


