„ლოტი“ თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
02/09/2020 18:27:49 საზოგადოება
პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ (LOT Polish Airlines) 12 და 26 სექტემბერს თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.
ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
• 12 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);
• 26 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, შესაბამისი ნებართვა უკვე გაიცა.
„აქვე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოს მიმართულებით 24 რეგულარული სამგზავრო და ორმოცამდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება. მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“ (Lufthansa) აგრძელებს, პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია „ეარფრანსი“ (AirFrance) ასრულებს, ხოლო რიგასა და თბილისს შორის სამგზავრო რეგულარულ ავიარეისებს, ასევე კვირაში ორი სიხშირით „ეარბალტიკი“ (airBaltic) ახორციელებს. ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით, კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას განაგრძობს „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways). ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზისა და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ასევე დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბოლის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევისა და მინსკის მიმართულებებით.
„ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებსა და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.
მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით“, – აღნიშნავენ სააგენტოში.


