გამყრელიძე – covid-19-ის ვაქცინაზე: "შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით"
02/09/2020 08:06:20 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ცნობით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით საქართველომ განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში ოფიციალურად გააკეთა, ხელშეკრულება კი 18 სექტემბერს გაფორმდება.
გამყრელიძე განმარტავს, რომ აქცინის დამტკიცების შემდეგ ის უპირველესად რისკ–ჯგუფებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
„31 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში იმის შესახებ, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ეს დაახლოებით გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა. გვაქვს ორი დედლაინი: 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი -რისკ ჯგუფებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


