ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება 8 000 ლარით იზრდება
01/09/2020 09:13:16 საზოგადოება
1 სექტემბრიდან ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თანახმად, აღნიშნულს ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გათვალისწინებული ცვლილებები და ამ ცვლილებით ონკოლოგიის პროგრამაში ჩართული 38 000-ზე მეტი პაციენტი ისარგებლებს.
ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტის მოსარგებლეები ნაცვლად 12 000 ლარისა, მიიღებენ 20 000 ლარის ღირებულების სერვისს. ამ ჯგუფში კერძოდ შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახები 70 000 ქულამდე, პედაგოგები, სახალხო არტისტები, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, თავშესაფრების ბენეფიციარები და ა.შ.
ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის კი ნაცვლად 15 000 ლარისა, პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 000 ლარი იქნება. ამ ჯგუფში შესაბამისად შედიან 0-5 წლის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, შშმ ბავშვები, მკვეთრად შეზღუდული შმ პირები და სტუდენტები.
„დღევანდელი ცვლილებით 8 000 ლარი ემატება ორივე პაკეტს. ანუ თანხის მოცულობა იზრდება ერთ შემთხვევაში 20 000 ლარამდე, ხოლო მეორე შემთხვევაში 23 000 ლარამდე“, - განმარტა თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიას ემატება სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სამი ჯგუფი: მონოკლონალურ ანტისხეულები, პროტეინ-კინაზას ინჰიბიტორები და ბისფოსფონატები, რომლებიც დღემდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ ყოფილა. მინისტრის მოადგილის თქმით, საუბარია სულ 21 დასახელების ახალ მედიკამენტებზე.
„ანაზღაურებული თანხის ოდენობის გაზრდასთან ერთად, სახელმწიფო დაფარავს პაციენტის თანაგადახდის წილს, ამდენად პაციენტისთვის ონკოლოგიური დაავადების ქიმიო, ჰორმონი და სხივური თერაპია, ასევე სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები იქნება სრულიად უფასო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი განმარტებით, სერვისების მისაღებად პაციენეტებს არ მოუწევთ ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გავლა იმისთვის, რათა ჰქონდეს სრული დაფინანსება.


