"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი?!“
28/08/2020 14:06:13 საზოგადოება
ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ფიქრობს, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები ბედნიერები ვერ იქნებიან. თემა აქტუალური იუსტიციის მინისტრის მიერ პროცედურისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემდეგ გახდა, რომელიც სექტემბერში შევა ძალაში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს.
"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ეს ბავშვი ბედნიერი?! ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი, არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად... როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმეს სიკვდილი ერთის გადასარჩენად, ვისაც როგორ უნდა, ისე გააკეთოს", - განაცხადა მან.
მსგავსი პოზიცია სასულიერო პირების მხრიდან პირველი შემთხვევა არაა. ანალოგიური ფორმულირებით თემას პატრიარქი 2014 წელს საშობაო ეპისტოლეშიც გამოეხმაურა.


