ლუკაშენკო: "დასავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში რუსეთსა და ბელარუსს ჯარების გაერთიანება შეუძლიათ"
28/08/2020 12:48:58 მსოფლიო
ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, "დასავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში რუსეთსა და ბელარუსს ჯარების გაერთიანება შეუძლიათ".
მანამდე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიის ნახევარი საბრძოლო მზადყოფნაშია, რაც მისი თქმით, "დასავლეთიდან საფრთხესა და ბელარუსის საზღვართან ნატო–ს სწავლებას" უკავშირდება:
„პირდაპირ საზღვართან დაიწყეს წვრთნები. მე რა უნდა გავაკეთო? მეც განვათავსე საზღვართან ნაწილები, ნახევარი არმია მზადყოფნაში მოვიყვანე“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ "საჭიროების შემთხვევაში მოსკოვი მინსკს სამხედრო დახმარებას გაუწევს".
დღესვე ბელარუსში სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელიც 31 აგვისტომდე გაგრძელდება.
ალექსანდრე ლუკაშენკო ქვეყანაში "არეულობის მცდელობაში" დასავლეთსა და აშშ–ის ადანაშაულებს.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–20 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


