თურქი ადვოკატი, რომელმაც 238 დღე იშიმშილა, გარდაიცვალა
28/08/2020 10:50:30 მსოფლიო
თურქი ადვოკატი ებრუ თიმთიქი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით 238 დღის განმავლობაში შიმშილობდა, გარდაიცვალა,– იუწყება Deutsche Welle.
"პროგრესულ ადვოკატთა ასოციაციის" ადვოკატი ებრუ თიმთიქი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 2018 წლის 12 სექტემბერს დააკავეს. ადვოკატს თურქულმა სასამართლომ 13 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ადვოკატმა 2020 წლის 2 იანვარს სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. რამდენიმე თვეში სასამართლო მედიცინის ინსტიტუტმა შესაბამის ორგანოებს შეატყობინა, რომ თიმთიქი შიმშილობის შედეგად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საპატიმროში ყოფნას ვერ გადაიტანდა, რის გამოც ადვოკატი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ თიმთიქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. ახლობლების ცნობით, ადვოკატს მეტყველების უნარი დაკარგული ჰქონდა.
28 აგვისტოს ებრუ თიმთიქი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობია.


