Accentnews.ge
ლინას ლინკევიჩუსი: "რუსეთის ბელარუსში შეჭრა გამორიცხული არ არის"

ლინას ლინკევიჩუსი: "რუსეთის ბელარუსში შეჭრა გამორიცხული არ არის"

28/08/2020 07:50:19 მსოფლიო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, რუსეთის ბელარუსში შეჭრა გამორიცხული არ არის. ამის შესახებ განცხადება ლიეტუველმა დიპლომატმა ბერლინში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გააკეთა.

„ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, რომ რუსეთი ბელარუსში სარეზერვო ძალების გაგზავნას არ გამორიცხავს. ჯერ ეს არ მომხდარა, მაგრამ ამ შეჭრას ვერ გამოვრიცხავთ, რომელიც, სავარაუდოდ, ორმხრივი შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების საფარქვეშ მოხდება“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

მისივე თქმით, რუსეთის ბელარუსში შესაძლო სამხედრო ინტერვენციას „იურიდიული, სამხედრო და პრაქტიკული საბაბი არ გააჩნია“.

„ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რადგან მიზეზები, რის გამოც ეს სანქციები დაწესდა, არ გამქრალა“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

27 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას თხოვნით, რუსეთში შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რეზერვი, რომელიც ბელარუსს „დაეხმარება“ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, “ექსტრემისტული ელემენტები“ ზღვარს გადავლენ და ყაჩაღობას დაიწყებენ.

ბელარუსის მეზობელი ქვეყნის პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ რუსეთს მიმართა, დაუყოვნებლივ თქვას უარი კონტროლის აღდგენის ცრუ საბაბით ბელარუსში სამხედრო ინტერვენციის გეგმაზე. პოლონეთის პრემიერი ტვიტერზე წერს, რომ ეს მტრული აქტი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ბელარუსიელი ხალხის უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა ბელარუსში გამოყენების მიზნით, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ბელარუსის საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციას. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, რომლებსაც მხარს უჭერს ბელარუსის მოქალაქეთა უმრავლესიბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S