მედია – ბელარუსში დააკავეს 20–მდე ჟურნალისტი, რომლებიც დღევანდელი აქციის გაშუქებას გეგმავდნენ
27/08/2020 16:52:47 მსოფლიო
ბელარუსში დააკავეს 20–მდე ჟურნალისტი, რომლებიც დღევანდელი აქციის გაშუქებას გეგმავდნენ, – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, დაკავებულებს ჩამოართვეს ტელეფონების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟურნალისტები პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, "რადგან შეემოწმებინათ, ჰქონდათ თუ არა მათ ოფიციალური აკრედიტაცია აქციების გასაშუქებლად".
უწყების თქმით, მათ, ვისაც ოფიციალური აკრედიტაცია ექნება, პოლიციის განყოფილების დატოვების უფლებას მისცემენ.
ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი მე–19 დღეა გრძელდება. 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
აშშ-მა ბელორუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს.


